პოეზია


ჩემი ნენე...
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ – ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს…
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი – ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!…





********
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან,
სანთლებით მიზდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს როგორც პირამიდა
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს..
გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების,
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.
ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია..
ჭლექიან ფერებით ბარებში თენდება
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.
ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.
მე ჩუმი მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია...

ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს
შემინდე, შემინდე წმინდაო მარიამ.


                                                                                ტერენტი გრანელი 


გაზაფხულია

ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
გაზაფხულია!

                                                 გიორგი ზანგური 



                   
            უშნოდ ლამაზია ეს ქალი


უშნოდ ლამაზია ეს ქალი,
ადამიანისფერ თვალებით,
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი
სახე აქვს დაღლილი ფერებით.
მზეზე სახრჩობელა კიდია,
სხივებმა ატმები დახოცეს,
ეს ქალი სამყაროს კიდეა,
ჰორიზონტზე რომ აკოცეს.
სული აქვს აპრილზე მუზადი,
მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,
ტანი აქვს თლილი და უზადო,
ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.
ოთახი საღამოს ემდურის ,
გაყინულ ცოლივით მთავრეა,
არ იყო ის ქალი ერთგული
და ახლა ვნებების ქარია.
სევდისგან ეცვლება ნაკვთები
ამ ღმერთის საცოლე პითიას,
ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,
ეს ქალი ცოცხალი მითია.
იები ამ ქალის სულს ზრდიან,
მგონია,ეს ქალი თამარს შობს,
ეპოქა ქალივით სუსტია
და კაცის ნერვებზე თამაშობს
.


                                                                          გიორგი ზანგური